პრეზენტაცია ფიზიკის პედაგოგებისთვის: „ცერნი"

2016 წლის 2 აპრილს ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში/ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა პრეზენტაცია ფიზიკის პედაგოგებისათვის: „ცერნი - ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია“. პრეზენტაციას უძღვებოდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ფიზიკის ტრენერები: ნატო ზამთარაძე და ქეთევან ბასილაძე. 2014 -15 წ.წ. ისინი ერთკვირიან სტაჟირებაზე იმყოფებოდნენ შვეიცარიის ქ. ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire). ცერნი - ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია, მსოფლიოს უდიდესი ლაბორატორიაა ელემენტალური ნაწილაკების ფიზიკაში. ცენტრი განლაგებულია ქალაქ ჟენევის დასავლეთით, ნაწილობრივ შვეიცარიის და ნაწილობრივ საფრანგეთის ტერიტორიაზე. ორგანიზაცია ასევე ცნობილია, როგორც ინტერნეტის დაბადების ადგილი. ის დაფუძნდა 1954 წლის 29 სექტემბერს წევრ ქვეყანათა ხელმოწერით. ცერნ-ს თავდაპირველად 12 წევრი ჰყავდა, რაც დღეისთვის 20-მდე გაიზარდა.
სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ყოველწლიურად აცხადებს საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებლების კონკურსს ცერნში ერთკვირიან სტაჟირებაზე გასაგზავნად. კონკურსის შედეგად შეირჩევა ფიზიკის 10 პედაგოგი საჯარო სკოლებიდან. მათი სტაჟირების დაფინანსება ხორციელდება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. კონკურსის პირობები: კონკურსში მონაწილე უნდა იყოს მოქმედი პედაგოგი; პედაგოგი უნდა იყოს სერტიფიცირებული ფიზიკაში, ან ჩაბარებული ჰქონდეს საგნობრივი გამოცდა ფიზიკაში. კანდიდატების შერჩევა ხდება ორ ეტაპად: 1. დოკუმენტაციის გადარჩევა; 2. გასაუბრება: პრეზენტაცია და მისი განხილვა.
პრეზენტაციაში საუბარი იყო შემდეგ საკითხებზე:
1. ზოგადი ინფორმაცია ცერნის შესახებ
2. მცირედი ისტორია;
3. ცერნის ამაჩქარებლები;
4. დიდი ადრონული კოლაიდერი;
5. ცერნის ლაბორატორიების მეცნიერული მიღწევები;
6. კვლევების ოპონენტთა მოსაზრებები და არგუმენტები;
7. ადრონული თერაპია.
საკითხებმა მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია და დისკუსიაში გადაიზარდა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ბათუმისა და ხელვაჩაურის საჯარო სკოლების ფიზიკის პედაგოგები; ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორი - ირაკლი თავბერიძე, დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე, კოორდინატორები - თინათინ ციცხვაია, ირმა მახარაძე, გიული მიქელაძე; ბათუმის მასწავლებლის სახლის ფიზიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის ტრენერები.