ფიზიკის მასწავლებელთა 2024 წლის ცერნში სტაჟირება დასრულდა

✅ ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრში - CERN დასრულდა ქართველი მასწავლებლების სტაჟირება, რომელიც მიზნად ისახავს საბუნებისმეტყველო საგნების, კერძოდ ფიზიკის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, საბუნებისმეტყველო საგნებით დაინტერესებასა და სამეცნიერო კვლევების პოპულარიზაციას სკოლებში. ფიზიკის მასწავლებლები, რომლებიც 2024 წლის 17-23 მარტს ცერნის ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იმყოფებოდნენ, საქართველოში დაბრუნდნენ.

✅ აჭარიდან ცერნში იყვნენ ფიზიკის მასწავლებელთა 2024 წლის სტაჟირების კონკურსის გამარჯვებული პედაგოგები: მარინე შოთაძე (სსიპ ბათუმის №2 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი); თამარ გოგოლაძე (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სსიპ სოფელ ფერიის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი); სოფიო თედორაძე (ქედის მუნიციპალიტეტის სსიპ ცხმორისის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი); თეიმურაზი სირაძე ( შპს  სკოლა-ლიცეუმი „მასტერკლასი“). ჯგუფს ხელმძღვანელობდა ქ. ბათუმის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსის მ/შ - გოჩა დავითაძე.

✅ მასწავლებლებმა ერთი კვირის განმავლობაში, დაათვალიერეს სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია, ადგილზე ჩაატარეს სასკოლო ექსპერიმენტები, ასევე მოისმინეს ცერნში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ფიზიკოსების ლექციები თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე, სამეცნიერო მიღწევებსა და ამ კვლევების დანიშნულებაზე, ფიზიკის როლსა და საჭიროებაზე სხვადასხვა პროფესიების და თანამედროვე საზოგადოების განვითარებაზე.

✅ მათ მოისმინეს ცერნში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსების: ირაკლი მინაშვილის, ალექსი მესტვირიშვილის და გივი სეხნიაიძის სემინარები თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე და მის როლზე მედიცინის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა დარგების განვითარებაში.

✅ პედაგოგებს ასევე საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ცერნში საგანგებოდ მოწვეული ქ. ბერნის კოლეჯის ქართველი პედაგოგის - ირმა მგელაძის მიერ წარმოდგენილ მეთოდოლოგიას  ფიზიკის სწავლების საკითხებზე.

✅ სტაჟირების დასასრულს, მასწავლებელთა პროგრამის ხელმძღვანელმა - ჯეფ ვეინერმა  ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადასცა.