ფიზიკის მასწავლებელთა ვორქშოფები დასრულდა

✅ ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) ახორციელებს "ვმწ" პროგრამის ფარგლებში ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში მომუშავე მასწავლებლების პროფესიულ მხარდაჭერას.  ამისათვის დაიგეგმა საგნობრივი სამუშაო შეხვედრები (ვორქშოფები), რომელთა თემატიკა ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას, მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და მასწავლებელთა საჭიროებების ანალიზს. ასევე წარმოდგენილია სამოდელო გაკვეთილები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში.

2024 წლის 23-24 მარტს  ჩატარდა ვორქშოფები ფიზიკის მასწავლებელთათვის. მათი ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 4 საკონტაქტო საათი, 2 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

23 მარტს  ვორქშოპს - ,,მუდმივი ელექტრული დენის სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრა სხვადასხვა რესურსის გამოყენებით“ ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ქეთევან ბასილაძე.

ვორქშოპის მიზანია: მუდმივი დენის კანონების შესწავლა მონაწილეების   მიერ დამზადებული რბილი წრედების გამოყენებით; ვირტუალური ლაბორატორიის სიმულაციების აქტიური გამოყენება საგაკვეთილო პროცესში; პრაქტიკული ამოცანების ამოხსნა, რომლებიც უკავშირდება ელექტრულ  მოვლენებს, სხვადასხვა ტიპის ამოცანათა განხილვა, ამოხსნა, მსჯელობა დისკუსია. ამოცანების ამოხსნის მეთოდების (ანალიზური და გრაფიკული) დამუშავება.

ვორქშოპის შემდეგ მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას:  ელექტრული დენის, ომის კანონისა და გამტართა სხვადასხვა შეერთების შესახებ, რისთვისაც გამოიყენებენ ვირტუალური ლაბორატორიის სიმულაციებს; გამტარი და არაგამტარი ცომების საშუალებით მსმენელები შეძლებენ გამტართა სხვადასხვა ტიპის შეერთების შესწავლას და სწავლა-სწავლების პროცესში მათ გამოყენებას; მასწავლებლები შეიძენენ ელექტრულ  მოვლენებთან დაკავშირებული ამოცანების ამოხსნის მეთოდებს, უნარებს, გაეცნობიან ამოცანების ამოხსნის სხვადასხვა ხერხებს.

24 მარტს  ვორქშოპს - „ჯგუფური მუშაობის სტრატეგიები და  მათი გამოყენება

კვლევაზე დაფუძნებული  აქტივობების ჩატარებისას“. თემა: „მექანიკური რხევები და ტალღები“ ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ნატო ზამთარაძე. 

ვორქშოპის მიზნებია: მასწავლებელთა დაოსტატება იმ სტრატეგიების ათვისებაში, რომლებიც დაეხმარება მათ:

•  ასწავლონ თავიანთ მოსწავლეებს კვლევის ეტაპების ეფექტიანად დაგეგმვა;

• გამოუმუშავონ  მათ  სპეციფიკური უნარები ჩაატარონ ფიზიკური მოვლენების კვლევა;        

• მიაჩვიონ თავიანთი მოსწავლეები ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას,

ვორქშოპის შემდეგ: მსმენელები თანამშრომლობითი სწავლების მოდგომებსა და ტექნოლოგიებს გამოიყენებენ მოსწავლეთა სოციალური და საკომუნიკაციო უნარების გასავითარებლად; შეძლებენ სწორად დაგეგმონ და  ეფექტიანად ჩაატარონ ფიზიკის გაკვეთილები; თავიანთ პრაქტიკაში უფრო ეფექტიანად გამოიყენონ ჯგუფური მუშაობის პრინციპები; შეძლებენ მოსწავლეთა მიერ გაკვეთილებზე მიღებული თეორიული ცოდნის სისტემურ კონტროლს; შეძლებენ შეაფასონ მოსწავლეთა უნარები დაუკავშირონ ფიზიკური მოვლენები ბუნებაში მიმდინარე მოვლენებს; შეძლებენ  აკონტროლონ  მოსწავლეთა უნარები გამოიყენონ ცოდნა პრაქტიკაში;

ვორქშოფების მიმდინარეობას გაეცვნენ:  ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი დირექტორი - სულიკო თებიძე, დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - ანა ლამპარაძე.