სამუშაო შეხვედრა ლაზური ენის შესწავლის შესახებ
➡️ აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით (ა)იპ აჭარის განათლების ფონდში სახელმწიფო ენების (ქართული, აფხაზური), უცხო ენებისა და კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსების პროგრამის მიმართულებით იგეგმება ლაზურის ენის შესწავლის დაწყება.
➡️ 2024 წლის 30 მაისს სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სარფის საჯარო სკოლაში ჩატარდა რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა ლაზური ენის შესწავლის შესახებ. შეხვედრაზე განიხილეს ლაზური ენის სწავლებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო და მეთოდური საკითხები.
➡️ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ: (ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე, დირექტორის მოადგილეები - ლალი ლომთათიძე და ედუარდ მიქელაძე; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დარგობრივი დეპარტამენტის პროფესორი - ლილე თანდილავა, წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის ხიჭაურის უნივერსიტეტის პროფესორი - იაშა თანდილავა; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მ/შ - ნევრესტან დიდმანიძე და სარფის საჯარო სკოლის დირექტორი - ირმა მგელაძე.
➡️ლაზური ენის სასწავლო კურსის მიზანია მსმენელებს: გააცნოს ლაზური ენის ბგერით შედგენილობა, და ძირითადი ფონეტიკურ კანონზომიერებები; მისცეს გრამატიკული კონსტრუქციების ელემენტარული ცოდნა; საწყისი ლექსიკური მარაგი, რომ შეძლოს ლაზურ ენაზე მარტივი ტექსტების კითხვა, გაგება, თარგმნა, თხრობა; მოემზადოს ენის შესწავლის შემდეგ ეტაპზე გადასვლისათვის.
➡️ კურსის სწავლება წარიმართება პრაქტიკული მეცადინეობების ფორმატით. სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ ენის შემსწავლელს შეეძლება:
- შესწავლილი ლექსიკური ერთეულებისა და გრამატიკულ-სტრუქტურული ენობრივი ფორმების გამოყენება საკომუნიკაციო პროცესში;
- ნაცნობ თემებზე თავისუფალი საუბარი (მონოლოგი და დიალოგი).