პროექტ-გაკვეთილის შეჯამება ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაში
✅ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2024 წლიდან ახორციელებს ახალ პროექტს სახელწოდებით - "პროექტი ჩემს გაკვეთილზე", რომლის მიზანია მასწავლებელთა საქმიანობის მხარდაჭერა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში საკლასო აქტივობების გამრავალფეროვნების ხელშეწყობა.
✅ 2024 წლის 12 აპრილს ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე და დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე იმყოფებოდნენ ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტის მონიტორინგზე ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაში. პროექტ-გაკვეთილის გეგმიურ საგნობრივ მონიტორინგს ახორციელებდა განათლების ფონდის ფიზიკის მონიტორინგის სპეციალისტი - ვენერა აბუსელიძე. მოწვეულ სტუმრებს მიესალმა სკოლის დირექტორი - მარიზა აბაშიძე.
✅ პროექტი - „ჰიდროელექტროსადგური - წარსული თუ მომავალი“, რომლის ავტორია სსიპ ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი - მზევინარ იმედაშვილი, მისი მიზანი არის: ენერგიის გარდაქმნის შესწავლასთან ერთად, საქართველოში ენერგიის განახლებადი წყაროების ანალიზი ჰიდროელექტროსადგურების შესწავლის საფუძველზე.
✅ პროექტის ამოცანებია:
ა) ჰიდროელექტროსადგურების მუშაობის პრინციპის გარკვევა;
ბ) იმ ფაქტორების ანალიზი, რომლებზეც არის დამოკიდებული წყლის ენერგიის გამოყენება დედამიწაზე;
გ) ჰიდროელექტროსადგურებში წყლის ენერგიის სხვა სახის ენერგიად გარდაქმნის პროცესის შესწავლა.
✅ პროექტ-გაკვეთილის შედეგად მოსწავლეებმა შეძლეს:
- კურიკულუმით გათვალისწინებული თეორიული მასალის დაძლევა
- ინფორმაციის მოძიება საქართველოში არსებული ჰიდროელექტროსადგურების შესახებ
- ვიზიტი რამდენიმე ელექტროსადგურში
- ვიზიტის შემდეგ თეორიული მასალის, ვიზიტის შედეგებისა და აღნიშნული თემის ირგვლივ ჩატარებული ექსპერიმენტების სინთეზი და შეფასება
✅ მოსწავლეებმა წარმოადგინეს ჩატარებული სამუშაოს პრეზენტაციები. ისინი ავლენდნენ თეორიული საკითხების ცოდნას და აკავშირებდნენ მას პრაქტიკულ დავალებასთან. აღნიშნეს, რომ პროექტი არის წარმატებული, მასში ყველა აქტიურად არის ჩართული და ისურვებდნენ მის გაგრძელებას.