სკოლებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა იწყება
✅ 2024 წლის 4 სექტემბერს აჭარის განათლების ფონდში გაიმართა შეხვედრა მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან, რომელთაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენლებმა გააცნეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და ის უპირატესობები, რაც პროფესიული უნარების დაუფლებას აქვს.
✅აჭარის განათლების ფონდში ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, რომელმაც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა ახალგაზრდებს, ასევე დაჰპირდა მათ, რომ ყველა სახელმწიფო უწყება ჩაერთვება და ხელს შეუწყობს ამ პროგრამის წარმატებულად განხორციელებას.
✅შეხვედრაზე მოსწავლეებს ასევე მიესალმა და წარმატებები უსურვა ქალაქ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა.
✅საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პროფესიული განათლებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს პირველად სთავაზობს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ინტეგრირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელიც საქართველოს მასშტაბით საპილოტედ შერჩეულ 20 საჯარო სკოლის ბაზაზე განხორციელდება, ხოლო აჭარაში ორ სკოლაში- ქალაქ ბათუმის N10 საჯარო სკოლასა და ქობულეთის აკაკი წერეთლის სახელობის N1 საჯარო სკოლაში.
✅სკოლებში რეგისტრაცია მიმდინარეობს, პარალელურად კი სამინისტრო, პროფესიული უნარების სააგენტოსთან ერთად, თითოეულ სკოლაში საინფორმაციო შეხვედრებს ღია კარის დღის პრინციპით მართავს.
✅ინიციატივა მე-11 კლასის მოსწავლეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს სკოლებშივე, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილ სასწავლო გარემოში, პრაქტიკაზე დაფუძნებით, ზოგადი განათლების პარალელურად დაეუფლონ მოთხოვნად პროფესიას და მიიღონ, როგორც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი, ასევე, პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი. სწავლის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, დასაქმდნენ პროფესიით ან სურვილის შემთხვევაში გააგრძელონ სწავლა უმაღლესი განათლების საფეხურზე.