5 ოქტომბერი - მასწავლებლის საერთაშორისო დღე

5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა სასტუმრო „რედისონში“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თინა ზოიძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ჯემალ სურმანიძე და ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორი სულიკო თებიძე, ასევე რესურსცენტრების ხელმძღვანელები.

მათ შეკრებილ საზოგადოებას მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცეს და პედაგოგებს წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელს გადასცეს.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მასწავლებელთა მხარდაჭერა, ახალი თაობის განვითარებაში მათი წვლილის აღნიშვნა და დაფასება, მასწავლებლის საქმიანობის და ღვაწლის წარმოჩენა.

აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრო 70 მასწავლებელი, რომლებიც მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებმა შეარჩიეს ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა: სასკოლო თუ არაფორმალური განათლების ღონისძიებებში ჩართულობა, საგანმანათლებლო კონფერენციებში მონაწილეობა, წარმატებული მოსწავლეები, ოლიმპიადებსა და კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები, სასკოლო ცხოვრებაში შეტანილი წვლილი და სხვა.

განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მათ ფასიანი საჩუქრები გადასცა.