„აჭარის განათლების ფონდის“/ბათუმის მასწავლებლის სახლისა და ბრიტანეთის საბჭოს საქართველოში ერთობლივი პროექტი

პირველ  ეტაპზე შეირჩა 11 კვალიფიციური ადგილობრივი ტრენერი, რომელთაც პროგრამის დასაწყისში გაირეს ტრენერთა დახელოვნების კურსები. მოხდა მათი მენტორული  და ეფექტური საგაკვეთილო დაკვირვებების წარმოების უნარების განვითარება, რათა მათ შემდგომში შეძლონ პედაგოგთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის პროგრამის წარმატებით განხორციელება.
მეორე  ეტაპზე მიმდინარე წლის 10 მაისს ბათუმის 27  სკოლიდან ტესტირების (Aptis) საფუძველზე შეირჩა 38 პედაგოგი. 
მესამე ეტაპზე ყველა პედაგოგი გაივლის ბრიტანეთის საბჭოს სამი სახის  სატრენინგო კურსს:
I - მასწავლებელთა ენობრივი კომპეტენციების გაუმჯობესება.
II - მოსწავლეთა კომუნიკაციური შეფასების წარმოების  უნარ-ჩვევების განვითარება (online).
III  - საგაკვეთილო პროცესის მართვის უნარ-ჩვევების განვითარება.
პროგრამაში მონაწილე ტრენერი თვეში ერთხელ შეხვდება მასწავლებელთა განსაზღვრულ   ჯგუფს.  საწყის ეტაპზე ერთობლივად დასახავენ ამ ჯგუფის პროფესიული განვითარების პრიორიტეტებს  და მათი განხორციელების კონკრეტულ გეგმას. მომდევნო შეხვედრების დროს განიხილავენ შემუშავებულ  გეგმებს და  მათი განხორციელების გზებს. თითოეული შეხვედრისთვის ტრენერები მოამზადებენ გარკვეულ აქტივობას, მაგალითად, პროფესიული შინაარსის პუბლიკაციების განხილვა, ვებინარში ჩართვა, სადემონსტრაციო  ვიდეო მასალის ჩვენება და განხილვა, პრაქტიკული მოკლე სემინარი.
პროგრამაში  მონაწილე ტრენერი პედაგოგთან ერთად შეიმუშავებს პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ გეგმას, რომლის ნაწილიც იქნება პროგრამის დაწყებიდან ორი თვის მანძილზე  თვეში ორჯერ და დარჩენილ ექვსი თვის განმავლობაში თვეში ერთხელ პედაგოგის სწავლების პრაქტიკაზე დაკვირვება. გაკვეთილზე დასწრების შემდეგ მოხდება დაკვირვების შედეგების განხილვა. საჭიროების შემთხვევაში ტრენერი პედაგოგს მისცემს რეკომენდაციას თანამედროვე სასაუბრო ინგლისური ენის ეფექტური სწავლების საკითხებზე.
ბოლო ეტაპზე  პროექტში მონაწილე პედაგოგები ჩააბარებენ განმეორებით ბრიტანეთის საბჭოს მიერ მომზადებულ ინგლისური ენის ტესტს, რომელიც შეაფასებს თუ რამდენად გაუმჯობესდა  მათი ენობრივი კომპეტენცია.
იმ მასწავლებლებს, რომლებმაც საგრძნობი პროგრესი აჩვენეს და ჩარჩოს მიხედვით განვითარების მნიშვნელოვან საფეხურს მიაღწიეს,  შევთავაზებთ მონაწილეობას ზამთრის  სკოლაში დიდ ბრიტანეთში ენის პროფესიული ფლობის თავიანთი უნარ-ჩვევების შემდგომი დახვეწის და ენის სწავლების მაღალკვალიფიცირებული ცოდნის მიღების მიზნით.