კატასტროფების შემცირების ტრენინგები ხელვაჩაურის სკოლებში

2019 წლის  16-17 და 23-24 თებერვალს ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდმა (ბათუმის  მასწავლებლის სახლმა) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ხუთ  საჯარო სკოლაში (თხილნარის N1 საჯარო, ზემო ახალშენის საჯარო, ზემო წინსვლის საჯარო, მახოს საჯარო, ჩიქუნეთის საჯარო) დაგეგმა  ტრენინგ-კურსი: „ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება - ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით’’.
უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში მასწავლებლები ეცნობიან მიწისძვრის, ხანძრის თუ სხვა ბუნებრივი კატასტროფის შემთხვევაში შენობიდან მოსწავლეების ევაკუაციის წესებს. ტრენინგის დასრულების შემდეგ გადამზადებული პედაგოგები იმუშავებენ  თავიანთი სკოლების მოსწავლეებთან, პედაგოგიურ კოლექტივთან და მოამზადებენ  სკოლებს "იმიტირებული განგაშის" ჩასატარებლად. ნასწავლის პრეზენტაციას სკოლები იმიტირებული კატასტროფის დროს გააკეთებენ.
ტრენინგებს  ატარებდნენ ტრენერები: ნინო ტავლალაშვილი (ჩიქუნეთის საჯარო სკოლა), მზია სალაძე (ზემო ახალშენის საჯარო სკოლა), ლუიზა რევიშვილი (ზემო წინსვლის საჯარო სკოლა), ხათუნა ლორთქიფანიძე (მახოს საჯარო სკოლა), ნანა  ვარდმანიძე (თხილნარის N1 საჯარო სკოლა).
23 თებერვალს სკოლებში ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნენ: აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები: ფრიდონ ფარსენაძე და გიორგი რუსიეშვილი. ისინი  აკვირდებოდნენ პედაგოგთა სწავლების პროცესს, გაესაუბრნენ სკოლის ადმინისტრაციას და პედაგოგებს, გაუზიარეს მათ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება,  მისცეს  საჭირო რჩევები ევაკუაციის გეგმებთან და ცეცხლმაქრების პრაქტიკულად გამოყენებასთან დაკავშირებით.
ტრენინგების ერთობლივ მონიტორინგში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჩართულობა ხელს უწყობს მოსწავლე-ახალგაზრდობაში, კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ ცოდნის ფართოდ გავრცელებას.
ტრენინგების  მონიტორინგს ახორციელებდა აჭარის განათლების ფონდის მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა.