ქართული ენისა და ბიოლოგიის ექსპერტთა მასტერ-კლასები

2019 წლის 25 და 26 მაისს ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა ექსპერტთა მასტერ კლასები ქართული ენისა და ბიოლოგიის მასწავლებლებისათვის. 
ქართული ენისა და ლიტერატურის  მასტერ-კლასს უძღვებოდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი - მაია ინასარიძე.
განახლებული საგნობრივი პროგრამა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ახალი გამოწვევების  წინაშე აყენებს მასწავლებლებს. 
„რა შეიცვალა საგნის სწავლების ძირითად ნორმატიულ დოკუმენტში და რითია ეს ცვლილებები გამოწვეული? რა ცვლილებები შედის მოსწავლეთა შეფასების სისტემაში? როგორ განვახორციელოთ ეს ცვლილებები საკლასო ოთახში?“ - ეს ის შეკითხვებია, რომლებზე პასუხებიც მასწავლებლებმა ერთად უნდა ეძიონ. 
მასტერკლასზე მასწავლებლებმა იმსჯელეს ახალი საგნობრივი პროგრამის განხორციელების შესაძლო გზებზე, გაეცვნენ კომპლექსური დავალებების სახეებს, სწავლებისა და განმავითარებელი შეფასების თანამედროვე სტრატეგიებს: ფილმების გამოყენება სასწავლო პროცესში, „ფილმი (სურათი) შთაგონება“, „ფაქტები და მოსაზრებები“, „სასწავლო გაჩერებები“, „შესასვლელი და გასასვლელი ბილეთები“, „გაგება-გააზრების სწრაფი შეფასება“ და სხვა. 
მასწავლებლებმა თავად მიიღეს მონაწილეობა ამ სტრატეგიების იმიტირებაში, რათა ორი პოზიციიდან - მასწავლებლის და მოსწავლის, შეაფასონ მათი ეფექტიანობა. 
ბიოლოგიის მასტერ-კლასს - „"სამეცნიერო პრაქტიკების გამოყენება ბიოლოგიის სწავლებაში" უძღვებოდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი - მაია ზიბზიბაძე.
მასტერ კლასში განხილული იყო სამეცნიერო პრაქტიკების არსი და მათი ადგილი მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო მიდგომებს შორის.  გაანალიზდა სამეცნიერო პრაქტიკების გამოყენების  ძირითადი პრინციპები, შეთავაზებულ იქნა  ბიოლოგიის სწავლა-სწავლების პროცესში მათი გამოყენების კონკრეტული გზები და მაგალითები. მასტერკლასი განკუთვნილი იყო საბაზო და საშუალო საფეხურის ბიოლოგიის მასწავლებლებისათვის.
მასტერკლასის შედეგად მონაწილეები შეძლებენ: გაიაზრონ სამეცნიერო პრაქტიკების არსი და მნიშვნელობა, დაუკავშირონ ის სასწავლო პროცესს; არსობრივად განასხვავონ ერთმანეთისაგან სამეცნიერო პრაქტიკები და დაუკავშირონ ისინი კონკრეტულ სასწავლო თემებს; შექმნან გაკვეთილის სცენარი სამეცნიერო პრაქტიკების გამოყენებით.
მასტერკლასს ქონდა ინტერაქტიული სამუშაო ფორმატი, რათა უზრუნველყოს მონაწილეთა მაქსიმალური ჩართულობა შეხვედრაში, განსახილველი საკითხების სიღრმისეული გააზრება და პრაქტიკული გავარჯიშება. 
26 მაისს მასტერ-კლასების მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. 
მონიტორინგს ახორციელებდნენ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორები - თინათინ ციცხვაია და ირმა მახარაძე.