ტრენინგი მასწავლებელთათვის - “ინკლუზიური განათლების შესავალი”

2020 წლის 8-9 თებერვალს ბათუმის მასწავლებლის სახლში და ქობულეთის №1 საჯარო სკოლაში დაიგეგმა ინკლუზიური განათლების  ხელშემწყობი  პროგრამის ტრენინგ-მოდული: „ინკლუზიური განათლების შესავალი“, 12 საკონტაქტო საათი; 0,5 კრედიტ-ქულა.
ტრენინგებს ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ინკლუზიური განათლების მიმართულების ტრენერები - ინგა ზარანდია (ბათუმი) და თამარ გოგიშვილი (ქობულეთი).
ტრენინგზე განხორციელებული ჯგუფური აქტივობები დაეხმარება მონაწილეებს ინკლუზიური განათლების ფილოსოფიის გააზრებაში.
ტრენინგის გავლის შემდეგ მსმენელები გაიცნობენ ინკლუზიური განათლების ძირითად პრინციპებს, მარეგულირებელ დოკუმენტებს, რეგულაციებს. მონაწილეს შეეძლება განსაზღვროს, ვინ არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე; ექნებათ  წარმოდგენა ინკლუზიური განათლების სახეებსა და რესურს-ოთახის დანიშნულებაზე; იმსჯელოს უნივერსალურ სასწავლო დიზაინზე და ადაპტირებული გარემოს შექმნაზე. 
მონაწილეები  გააცნობიერებენ აუტიზმის სპექტრის მახასიათებლებსა და წარმოშობილ სირთულეებს სასკოლო სივრცეში; დააზუსტებენ ცოდნასა და წარმოდგენებს  ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომთან დაკავშირებით; გაამდიდრებენ  ცოდნას ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდაჭერის საშუალებების შესახებ; გააცნობიერებენ ეპილეფსიის მახასიათებლებსა და წარმოშობილ სირთულეებს სასკოლო სივრცეში; გაიღრმავებენ ცოდნას  ეპილეფსიის მქონე მოსწავლეთა  ცხოვრებისეული სირთულეების შესახებ.
მონაწილენი გაამდიდრებენ თავიანთ ცოდნას სხვადასხვა სიმწვავით გამოხატული ინტელექტუალური განვითარების დარღვევისათვის დამახასიათებელი თავისებურებების შესახებ და ინტელექტუალური განვითარების დარღვევის მქონე ადამიანების მხარდაჭერის საშუალებების შესახებ; მონაწილენი დააზუსტებენ  თავიანთ ცოდნასა და წარმოდგენებს დაუნის სინდრომის შესახებ.
8 თებერვალს ბათუმში ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.
ტრენინგების მონიტორინგის ახორციელებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ინკლუზიური განათლების მიმართულების კოორდინატორი - თინათინ ციცხვაია.
ინკლუზიური განათლების ტრენინგები ეტაპობრივად დაიგეგმება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.