ტრენინგები რუსული ენის უფროსი მასწავლებლებისათვის

 - აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) გრძელდება ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.

 -  2021 წლის 3-12 სექტემბერს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგი რუსულის, როგორც უცხოური ენის უფროსი მოქმედი მასწავლებლების ორი ჯგუფისათვის (I ჯგუფი: 12:00 – 14:00 სთ.; II ჯგუფი: 15:00 – 17:00 სთ.)

 -  ტრენინგ-მოდულს: „ავთენტური მასალა  რუსულის, როგორც უცხოური ენის  გაკვეთილზე“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი: ლალი მსხილაძე. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

 -  აღნიშნული ტრენინგ-მოდულის მიზანია: მასწავლებლები გაეცნონ რუსულის, როგორც უცხოური ენის სწავლა/სწავლების თანამედროვე მეთოდიკაში   ავთენტური მასალის მნიშვნელობასა და გამოყენების ტექნიკებს.

 -  ტრენინგ-მოდულის საკითხებია: რუსულის, როგორც მეორე უცხოური ენის სწავლა/სწავლების თანამედროვე სტრატეგიები; ავთენტური მასალის მნიშვნელობა; საგაზეთო სტატიის დიდაქტიზირება; კრეატიული წერა; ფილმი, როგორც სასწავლო რესურსი გაკვეთილზე; სტატია/რეპორტაჟი ინტერვიუს საფუძველზე; სურათები/ფოტოები/კომიქსები/სიმღერები როგორც მოსწავლის მამოტივირებული რესურსები.

 -  ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: უცხოური ენის სწავლა/სწავლების თანამედროვე მეთოდიკისა და სწავლების სტრატეგიების გამოყენებით აქტივობების დაგეგმვას; ავთენტური მასალის შერჩევასა და გამოყენებას გაკვეთილზე; საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენას; საგნობრივი ცოდნის   მობილიზებას.

 -  იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: • დაესწროს ტრენინგის 80%-ს;მ• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.

 -  11 სექტემბერს ტრენინგების მიმდინარეობას  გაეცვნენ: სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ეთნიკურ უმცირესობათა ენების ექსპერტი, ტრენინგ-მოდულის ავტორი - ნინო ფეტვიაშვილი და აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. მსგავსი ტრენინგები ეტაპობრივად განხორციელდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის უფროსი მასწავლებლისათვის.