ახალი კონკურსი პედაგოგებისათვის - "პროექტი ჩემს გაკვეთილზე"

➡️ 2023 წლის 5 დეკემბერს,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს  ინიციატივით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლი)  გაიმართა  შეხვედრა ქ. ბათუმის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან .

➡️ შეხვედრაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს   განათლების დეპარტამენტის უფროსმა - ნაზიბროლა ბერიძემ და სკოლამდელი და ზოგადი განათლების განყოფილების უფროსმა -  შუშანა სურმანიძემ ბათუმის სკოლის ხელმძღვანელებს გააცნეს  ქვეპროგრამის - "ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ ახალი კონკურსი -  "პროექტი ჩემს გაკვეთილზე".

➡️ ახალი კონკურსის შესახებ ისაუბრეს და აუდიტორიას თავიანთი მოსაზრებები გააცნეს:  ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორმა - სულიკო თებიძემ და განათლების ფონდის ტრენერებმა: დალი თურმანიძემ, მზია სალაძემ, ნანა ვარდმანიძემ, ნათია თავდგირიძემ. XXI საუკუნეში მოსწავლისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცოდნის დაგროვება, არამედ იმ უნარ-ჩვევების დაუფლება და განვითარება, რომლებიც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში კონკურენტუნარიანსა და წარმატებულს გახდის. სწორედ ამ კონტექსტის გათვალისწინებითაა საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტით სწავლების მეთოდი.

➡️ კონკურსის - „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“   მიზანია ხელი შეუწყოს მასწავლებლებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში საგანმანათლებლო აქტივობების გამრავალფეროვნების გზით. პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს ინტეგრირებულ სწავლებას. დაწყებული რამდენიმედღიანი სასწავლო პროექტიდან, რომელიც ერთი რომელიმე თემის გარშემო კონცენტრირდება და დამთავრებული პროექტებით, რომლებიც შეიძლება მთელი წლის სასწავლო გეგმას ფარავდეს.

➡️ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პირს ინდივიდუალურად, რომელიც ასწავლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მოქმედ საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

➡️ გამარჯვებული კონკურსანტები, საინტერესო და ინოვაციური გაკვეთილის ჩატარებისთვის,  6 თვის განმავლობაში, პროექტის განხორციელების პერიოდში, დამატებით მიიღებენ 625 ლარის ოდენობით სახელფასო ანაზღაურებას და პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი  რესურსებისთვის 1000 ლარამდე საჭირო თანხის ოდენობას.

➡️ განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა -  2023 წლის 20 დეკემბერი.

პროექტის განაცხადის წარდგენის მიზნით გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს: https://shorturl.at/xBUY7