ვახტანგ წულუკიძის 100 წლის იუბილე
✅ 2025 წლის 13 დეკემბერს ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის სააქტო დარბაზში აღინიშნა სახელმწიფო და საზოგადოებრივი მოღვაწის ვახტანგ წულუკიძის, დაბადებიდან 100 წლის იუბილე.
✅ საიუბილეო შეხვედრას წარუძღვა აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე. ვახტანგ წულუკიძის შესახებ ისაუბრა ასოციაცია „მწიგნობარის“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა - მანანა წულუკიძემ. დამსწრე საზოგადოებას ასევე მიესალმნენ: ომარ ტაკიძე, დავით თედორაძე, ვახტანგ ღლონტი, სერგო დუმბაძე და ოჯახის წევრები.
✅ ვახტანგ წულუკიძე აჭარის ერთ-ერთი თვალსაჩინო განმანათლებელი გახლდათ. ის 25 წელი სათავეში ედგა რეგიონის განათლების სისტემას. ვახტანგ წულუკიძის დროინდელი სამინისტრო, ეს იყო მაღალორგანიზებული, გამოცდილი კადრებით დაკომპლექტებული კოლექტივი, იგი დიდ ყურადღებას აქცევდა სამინისტროში დასაქმებულ სპეციალისტთა პროფესიონალიზმს.
✅ ვახტანგ წულუკიძე ოთხი წიგნის ავტორია. 1995 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი „ეროვნული სკოლის მშენებლობის გზაზე“, წიგნის საუკეთესო ნაწილს წარმოადგენს „აღზრდის ხალხური საწყისები“. ავტორი გონივრულად მსჯელობს აღზრდის ხალხურ ტრადიციებზე. იგი მოითხოვს მოზარდის ზნეობრივი აღზრდისთვის გამოვიყენოთ ეროვნული ტრადიციები და ადათ-წესები. 2000 წელს გამოსცა ფუნდამენტური ნაშრომი: „განათლების ისტორიისთვის აჭარაში“, რომელშიც აჭარაში განათლების განვითარების ისტორია კვალიფიციურადაა გაშუქებული.
✅ ვახტანგ წულუკიძის მინისტრობის დროს სახელმწიფოში რამდენიმე სასკოლო რეფორმა განხორციელდა, რომელთა გატარებას ის დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა. მის დროს აჭარაში 160-მდე რვაწლიანი და საშუალო სკოლის შენობა, 100-ზე მეტი საბავშვო ბაღი, სპორტული სკოლა, ინტერნატები და მასწავლებელთა საცხოვრებელი სახლები აშენდა.
✅ აჭარის განათლების ფონდს ეწვივნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ოფიციალური პირები და საზოგადოება საგანმანათლებლო წრეებიდან. შეხვედრას ასევე დაესწრნენ აჭარის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის წარმომადგენლები.






