ფერიის საჯარო სკოლაში აფხაზური ენის სწავლება და მიუზიკლ „ლამპიონების“ პრეზენტაცია გაიმართა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ხელვაჩაურში, სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ.
მთავრობის წარმომადგენლები აფხაზური ენის სწავლების პროგრამას გაეცნენ. აჭარის მთავრობის ხელშეწყობითა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, აღნიშნულ სკოლაში აფხაზური ენა უკვე ათი წელია ისწავლება.
სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში აფხაზური ენის სწავლების პარალელურად, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი კულტურულ და შემოქმედებით საქმიანობაში. ღონისძიების ფარგლებში, სკოლის თეატრალურმა დასმა მიუზიკლი „ლამპიონები“ წარმოადგინა, ასევე გაიამართა აფხაზური ენის ღია გაკვეთილი.
აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა აფხაზური ენის პედაგოგს ლიანა აიკუცბას ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისთვის მადლობის სიგელი გადასცა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, აჭარის მთავრობის, აფხაზეთის მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.






