სქემის მხარდამჭერი ტრენინგების ახალი ციკლი დაიწყო

➡️ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განალებისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდმა/ბათუმის მასწავლებლის სახლმა დაიწყო ტრენინგების ახალი ციკლი, რომლის მიზანია სკოლების მხარდაჭერა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში საჭიროებების სისტემურ შესწავლასა და შეფასების კომისიების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაში.

➡️ ტრენინგ მოდული - „სკოლის საჭიროებების დიაგნოსტიკა და განვითარების დაგეგმვა“ განკუთვნილია საჯარო სკოლების დირექტორების, მათი მოადგილეებისა და ხარისხის მართვის პროცესში ჩართული პირებისთვის. ტრენინგი მიმდინარეობს ონლაინ ფორმატში. მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 12 საკონტაქტო საათი, 4 სესია, ერთი სესია - 3 საათი.

➡️ 2026 წლის 7-10 მაისს აჭარის განათლების ფონდში დაიგეგმა და TEAMS პლატფორმაზე ჩატარდა ტრენინგი ექვსი ჯგუფისათვის. ტრენინგებს ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: კ. ჩაკვეტაძე, ნ. მგელაძე, მ. აბაშიძე, ი. მოსიძე, ხ. ტოტოჩავა და დ. აბურჯანია.

➡️ მოდულის ფარგლებში მონაწილეები მუშაობენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: სასკოლო საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლისგან (მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები, ადმინისტრაცია) მონაცემების შეგროვება და ანალიზი, სკოლის საჭიროებების იდენტიფიცირება და პრიორიტეტიზაცია, მათ საფუძველზე ფუნქციების განსაზღვრა კარიერული წინსვლის პროცესში ჩართული მასწავლებლებისთვის.

➡️ სატრენინგო მოდულის გავლის შემდეგ სკოლის წარმომადგენლები შეძლებენ, გააძლიერონ თითოეული სკოლის კონტექსტს მორგებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების პრაქტიკა.

➡️ 9 მაისს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. ტრენინგების მონიტორინგს ახორციელებდნენ ფონდის კოორდინატორები. აღნიშნული ტრენინგი ეტაპობრივად გაგრძელდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ადმინისტრაციის წევრებისათვის.