აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი პოლონეთიდან დაბრუნებულ მასწავლებლებს შეხვდა

აჭარის რეგიონის საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები აქტიურად გრძელდება.

აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი პოლონეთიდან დაბრუნებულ მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ლუარა დუმბაძე და აჭარის განათლების ფონდის ხელმძღვანელი სულიკო თებიძე. მინისტრმა პედაგოგებს წარმატებული ვიზიტი მიულოცა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებასა და თანამედროვე მეთოდოლოგიის დანერგვას.

4-11 ოქტომბერს, ქალაქ ვროცლავში სასწავლო ვიზიტით საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივი ჯგუფის 10 მასწავლებელი იმყოფებოდა. კონკურსის წესით შერჩეულმა პედაგოგებმა ქვემო სილეზიის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში სასწავლო კურსი  გაიარეს. მონაწილეები სწავლების თანამედროვე, ინტერაქტიულ მეთოდებსა და ციფრული ტექნოლოგიების ეფექტიან გამოყენებას გაეცნენ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით საერთაშორისო სტაჟირების შესაძლებლობით უკვე 30-მა მასწავლებელმა ისარგებლა.