ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრში ფიზიკის პედაგოგებმა სტაჟირება გაიარეს
2017 წლის 12 ნოემბრიდან - 18 ნოემბრამდე აჭარიდან სამი ფიზიკის მასწავლებელი - მერაბ გობაძე, ვენერა აბუსერიძე და მარინა ჩაგანავა სტაჟირებაზე იმყოფებოდნენ შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში არსებულ ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრში (CERN).
ჯგუფს ხელმძღვანელობდა აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.
ერთი კვირის განმავლობაში მასწავლებლებმა დაათვალიერეს სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია, ადგილზე ჩაატარეს სასკოლო ექსპერიმენტები, ასევე მოისმინეს ცერნში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ფიზიკოსების - ირაკლი მინაშვილის, ალექსი მესტვირიშვილის, გივი სეხნიაიძის, ვახტანგ ქართველიშვილის, იური ბაღათურიას ლექციები თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე და მის როლზე მედიცინის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა დარგების განვითარებაში.
გარდა ამისა, პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საგანგებოდ მოწვეული ქ. ბერნის კოლეჯის ქართველი პედაგოგის - ირმა მგელაძის მიერ წარმოდგენილ მეთოდოლოგიას ფიზიკის სწავლების საკითხებზე.
სტაჟირების დასასრულს ცერნის მასწავლებელთა პროგრამის ხელმძღვანელმა - ჯეფ ვეინერმა ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადასცა.
ფიზიკის მასწავლებლები მიმდინარე წლის ზაფხულში კონკურსის წესით შეირჩნენ და მათი სტაჟირება სრულად დაფინანსდა აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის მიერ.
ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი ამ პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს.