შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციის “Save the Children” წარმომადგენლებთან
4 ივნისს აჭარის განათლების ფონდში/ბათუმის მასწავლებლის სახლში საერთაშორისო ორგანიზაციის “Save the Children” წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს "კატასტროფების მიმართ მდგრადი და დაცული საზოგადოების ჩამოყალიბება სამხრეთ კავკასიაში, ბავშვზე ორიენტირებული, ინკლუზიური კატასტროფების რისკის შემცირების საშუალებით". ინიციატივა ფინანსდება ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო თავდაცვის (European Comission - Directorate General - Humanitarian Aid and Civil Protection - ECHO) მიერ პროგრამის "კატასტროფების რისკის შემცირების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებ დაუცველ ჯგუფებსა და ინსტიტუციებში - III ფაზა" (DIPECHO III) ფარგლებში.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ორგანიზაციის “Save the Children” - საქართველოს რეგიონალური პროექტების მენეჯერი - თეა ცაგარელი, პროქტის კოორდინატორი - სოფო ანდღულაძე, ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორი - ირაკლი თავბერიძე, დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე, ბათუმის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი გოჩა დავითაძე.
პროექტის მთავარი მიზანია ყველაზე დაუცველი, იზოლირებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების, მათი ოჯახების და საზოგადოების გაძლიერება ბუნებრივი კატასტროფების მიმართ: განათლებით, სერვისის მომწოდებლების შესაძლებლობების გაზრდით, სახელმწიფოსა და ადგილობრივ მთავრობებთან პარტნიორობით, და ინკლუზიური DRR-ის პოლიტიკის მხარდაჭერით.
პროექტის შედეგად სულ 17,500 ადამიანი ისარგებლებს. საქართველოში შერჩეულია 4 სამიზნე რეგიონი: აჭარა, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი და თბილისი. საქართველოში პროექტის სამიზნე ჯგუფს შეადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და მათი მასწავლებლები/მზრუნველები ყველა არსებულ სპეციალურ სკოლაში, სტიქიურ ზონაში შერჩეულ საჯარო სკოლაში და საბავშვო ბაღში. პროექტი უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს შექმნას ბავშვებისათვის სპეციალურ, სკოლამდელ და დაწყებითი განათლების დაწესებულებებში, სწავლების ინოვაციური და მდგრადი მიდგომებით კატასტროფების რისკის შემცირებას.
შეხვედრაზე განისაზღვრა სამომავლო პერსპექტივები და პროექტის შემდგომი განვითარების გზები.