ეროვნული ცენტრის დირექტორის და ექსპერტთა ვიზიტი აჭარის განათლების ფონდში

2020 წლის 16 ივნისს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს, აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებელთა სახლის და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სამომავლო გეგმების შესახებ. აღინიშნა, რომ პროფესიული განვითარების კურსების დიდი ნაწილი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ელექტრონულად, იმისათვის, რომ მასწავლებელმა თავისი საჭიროების ანალიზის საფუძველზე შეარჩიოს შესაბამისი რესურსი. ასევე, ისაუბრეს STEM მიმართულების საგნების პოპულარიზაციაზე სკოლებში.

შემდეგ შეხვედრის  მონაწილეები  აჭარის განათლების ფონდს/ბათუმის მასწავლებლის სახლს ეწვიენ. სტუმრებმა დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა: სატრენინგო აუდიტორიები, საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორია, კომპიუტერული კაბინეტი და შემდეგ ბათუმის მასწავლებლის სახლის  STEM მიმართულების საგნობრივ ტრენერებს ესაუბრნენ.

შეხვედრაში  მონაწილეობდნენ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი - ბერიკა შუკაკიძე, აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მშ. - რუსუდან ქავთარაძე, დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და  ეროვნული ცენტრის ექსპერტები: ნონა პოპიაშვილი, რუსუდან თედორაძე, ნათია არაბული, მაია ზიბზიბაძე, ნინო მარღიშვილი, ნათია ნაცვლიშვილი, ნუგზარ მოსულიშვილი, ზურაბ ბერია და კახა ჟღენტი.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში უკვე მოქმედებს საბუნებისმეტყველო კლუბი „ჩხირკედელა“ და მის ბაზაზე არსებული, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ინტერაქტიული მოდელები, რომელთა საშუალებითაც მოხდა მნიშვნელოვანი მეცნიერული კონცეფციების დემონსტრირება.

აჭარის განათლების ფონდში გამართულ შეხვედრაზე დაიგეგმა აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის ბაზაზე  მსგავსი კლუბის გახსნა და განისაზღვრა მისი ფუნქცია აღნიშნული ამოცანის შესრულებაში., რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, პოპულარიზაცია გაუწიოს ციფრულ ტექნოლოგიებს და მათ ხელმისაწვდომობას საზოგადოებისათვის.  სასწავლო მოდელების თემატიკა შერჩეული იქნება ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი აქტუალური ეკონომიკური და გარემოსდაცვითი პრობლემებიდან.