ფიზიკის მასწავლებელთა ცერნში სტაჟირება დასრულდა
➡️ ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრში - CERN დასრულდა ქართველი მასწავლებლების სტაჟირება.
➡️ფიზიკის 18 ქართველი მასწავლებელი, რომელიც 2022 წლის 27 ნოემბრიდან - 3 დეკემბრამდე ცერნის ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იმყოფებოდა, საქართველოში დაბრუნდა.
➡️ მათ შორის აჭარიდან ცერნში იყვნენ ფიზიკის მასწავლებელთა 2020 წლის სტაჟირების კონკურსის გამარჯვებული პედაგოგები: ნაირა მახარაძე (სოფ. ქობულეთის საჯარო სკოლა), ეთერ ხაბაზი (ქ. ბათუმის №20 საჯარო სკოლა) და მალხაზ დიმიტრაძე (სოფ. კორტოხის საჯარო სკოლა).
➡️ აჭარის ჯგუფს ხელმძღვანელობდა აჭარის განათლების ფონდის / ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორი - სულიკო თებიძე.
➡️ მასწავლებლებმა მოისმინეს ცერნში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსების - ირაკლი მინაშვილის, ალექსი მესტვირიშვილის და გივი სეხნიაიძის სემინარები თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე და მის როლზე მედიცინის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა დარგების განვითარებაში.
➡️ პედაგოგებს ასევე საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ცერნში საგანგებოდ მოწვეული ქ. ბერნის კოლეჯის ქართველი პედაგოგის - ირმა მგელაძის მიერ წარმოდგენილ მეთოდოლოგიას ფიზიკის სწავლების საკითხებზე.
➡️ ერთი კვირის განმავლობაში მასწავლებლებმა დაათვალიერეს სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია, ადგილზე ჩაატარეს სასკოლო ექსპერიმენტები.
➡️სტაჟირების დასასრულს, მასწავლებელთა პროგრამის ხელმძღვანელმა - ჯეფ ვეინერმა ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადასცა.
➡️აჭარის ფიზიკის მასწავლებელთა ცერნში სტაჟირება სრულად დაფინანსდა აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის მიერ. ბათუმის მასწავლებლის სახლი ამ პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს.