საინფორმაციო შეხვედრა ბათუმის მასწავლებლის სახლში
➡️ 2024 წლის 16 ნოემბერს, ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის (ბათუმის მასწავლებლის სახლი) სააქტო დარბაზში, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა პროგრამა eTwinning-ით დაინტერესებულ მასწავლებლებთან. eTwinning არის უფასო ონლაინ საზოგადოება სკოლებისთვის ევროპასა და მეზობელ ქვეყნებში, რაც საშუალებას გვაძლევთ ვიპოვოთ პარტნიორები და ვითანამშრომლოთ პროექტებზე უსაფრთხო ქსელისა და მრავალფეროვანი პლატფორმის ფარგლებში.
➡️ შეხვედრა გახსნა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა - ბერიკა შუკაკიძემ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე; ეროვნული ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების კონსულტანტი - ნათია ნაცვლიშვილი; დემოკრატიული კულტურის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და სასკოლო ქსელების გაძლიერების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ხელმძღვანელი - ხატია მატკავა; პროგრამის კოორდინატორი - თეონა სილაგაძე; ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე; ქ. ბათუმის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი - გოჩა დავითაძე.
➡️ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ევროკომისიის დახმარებით, 2013 წლიდან ახორციელებს პროგრამას - eTwinning-ი. აღნიშნული პროგრამა ქართველ პედაგოგებს პროფესიულ განვითარებაში და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესის დაგეგმვაში ეხმარება. მასწავლებლები მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებში. ისინი სწავლობენ და ივითარებენ გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარებს, საგნის ინტეგრირებული სწავლების პრინციპებს, პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას. პროგრამაში დღესდღეობით 6000-მდე ქართველი მასწავლებელია ჩართული.
➡️ აღნიშნული შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მასწავლებლების მოტივირება, საპროექტო იდეებზე ერთობლივი მუშაობა, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, თანამშრომლობის და კომუნიკაციის ხელშეწყობა და სწავლა-სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვა. შეხვედრის მიმართ მაღალი ინტერესი იყო მასწავლებლების მხრიდან. შეხვედრას 60 მდე მონაწილე ესწრებოდა, რომლებიც გაეცვნენ საერთაშორისო პორტალზე რეგისტრაციასა და საერთაშორისო პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პრინციპებს.
➡️ 2024 წლის ოქტომბერში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, ესტონეთში გამართულ eTwinning-ის სემინარში „საკლასო ოთახიდან საზოგადოებამდე: მასწავლებელთა აღჭურვა მოქალაქეობრივი განათლებისთვის“ საქართველოდან 3 მასწავლებელი მონაწილეობდა. სემინარს ესწრებოდა ევროპის 44 ქვეყნიდან 100 მასწავლებელი, მათ შორის საქართველოდან ნათია ქათამაძე (ქალაქ ბათუმის N14 საჯარო სკოლა). დამსწრე საზოგადოებას მან გააცნო თავის გამოცდილება.
➡️ შეხვედრის დასასრულს ყველა მონაწილეს საჩუქრად გადაეცა პროექტის ფარგლებში მომზადებული სახელმძღვანელოები და ეროვნული ცენტრის სასკოლო ქსელების eTwinning გაძლიერების პროგრამის მხარდაჭერით ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მიერ ნათარგმნი გზამკვლევები : „განათლებისა და ტრენინგების გზით დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ციფრული წიგნიერების გავრცელების გზამკვლევი პედაგოგებისათვის“ და სწავლა-სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტისა (AI) და მონაცემების გამოყენების ეთიკური გზამკვლევი განათლების სპეციალისტებისათვის.