პოლონელი პედაგოგები ისტორიულ გონიო-აფსაროსში

☑️ 2025 წლის 28 აპრილს, პოლონეთის,  ქვემო სილეზიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგნების - ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების 12 პედაგოგი, რომლებიც მასწავლებელთა უცხოეთში სტაჟირების პროგრამის ფარგლებში იმყოფებიან აჭარაში, ისტორიულ ციხე-სიმაგრეს გონიო-აფსაროსს  ეწვია.

☑️ გონიოს ციხე, აფსაროსი - (I საუკუნის) ისტორიული ციხე-სიმაგრე აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ზღვისპირა კურორტ გონიოში. გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი მდებარეობს ისტორიული ჭანეთის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ჭოროხის შავი ზღვის შესართავთან, მის მარცხენა ნაპირზე, ბათუმიდან სამხრეთით, 12 კმ. დაშორებით.

️ გონიო-აფსაროსის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული არგონავტების მითთან. ცნობილია, რომ სწორედ აქ დაკრძალა მეფე აიეტმა თავისი ვაჟი აფსაროსი, რომელიც გაქცეულმა იასონმა მოკლა. გადმოცემის მიხედვით, აქვეა დაკრძალული ქრისტეს 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი, მატათა.

️ გონიო-აფსაროსის ციხეს უნიკალური სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა: ის იცავდა ჭოროხისა და აჭარისწყლის ხეობების შემოსასვლელებს, რომლებიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს შიდა რეგიონებს აკავშირებდა შავი ზღვის სანაპიროსთან. სწორედ ამგვარი მდებარეობის გამო იქცა გონიოს ციხე ჯერ რომის იმპერიის, შემდეგ კი ბიზანტიისა და ოსმალეთის ერთ-ერთ საყრდენ ციტადელად აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში.

️ გონიოს მუზეუმ-ნაკრძალი 1994 წელს დაარსდა, სადაც ძველი წელთაღრიცხვიდან XIX საუკუნის 80-იან წლებამდე დათარიღებული ექსპონატები ინახება. გონიო-აფსაროსის ციხესა და მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულია ელინისტური ხანის მასალა. განსაკუთრებით აღსანიშნავია გონიოს განძი, რომელიც, ძირითადად, უნიკალური საიუველირო ნიმუშებისაგან შედგება და ამჟამად აჭარის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.

☑️ პოლონელი სტუმრები დიდი ინტერესით გაეცვნენ ისტორიული ციხე-სიმაგრის ისტორიას.